Monday, August 8, 2011


ავღანეთი  არამხოლოდ როგორც  სატრანზიტო  ფუნქციის მქონე ქვეყანა  არის  ძალიან  მნიშვნელოვანი : ის  ჯერ კიდევ  მოსაპოვებელი და  გადასამუშავებელი სასარგებლო  წიაღისეულის  უზარმაზარ  მარაგს  ფლობს, რომელიც  დღეს  უღარიბეს  და განუვითარებელ  ქვეყანას  სამომავლოდ  საკმაოდ  შეძლებულად  გადაცევას  უქადის. თუმცა  მისი ამოღებისა  და  შემდგომი  გადამუშავების  მოსურნე  ქვეყნების  და  კომპანიების  რიცხვი ძალიან  დიდია, რადგანაც  მათ  საგულისხმო ეკონომიკური  სარგებლის  მიღებისა  ძალიან  ეიმედებათ. დღეისათვის  უკვე ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია  საკმაოდ  დიდი ოდენობით  ოქროს,სპილენძის,რკინის  მადნისა  და  ლითიუმის  მარაგების  არსებობა- ამ უკანასკნელი  ნივთიერების  გარეშე  ელექტროავტომობილებისა  და მობილური  ტელეფონების  დამზადება და მუშაობა შეუძლებელია. მეორე  სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი  რესურსი  მტკნარი წყლის მარაგია-  ავღანეთის  მოსახლეობას  ამ  ქვეყანაში არსებული  80  მილიარდი კუბური  მეტრი წყლის  მხოლოდ  მეოთხედი  დასჭირდება,ეს  კი  ხშირი  გვალვებისგან გაწამებულ  რეგიონში  ძალიან  მრისხანე  იარაღს  წარმოადგენს.

ჯერჯერობით  კი სარგებელს სწორედ  რომ დასავლური კოალიციის მიერ აჯანყებული ადგილობრივების წინააღმდეგ  წარმართულ  ბრძოლებში  არმონაწილე ქვეყნები  ნახულობენ. ამერიკულმა  საჯარისო  რაზმებმა  მოახრეხეს  ლოგარის პროვინციაში  უსაფრთხოების  ღონისძიებების  იმ დონემდე აყვანა, რომ  შესაძლებელი გახდა ადგილზე სპილენძის მოპოვების  დაწყება. ერთ-ერთმა  ჩინურმა  სახელმწიფო  ფირმამ ამ  საბადოზე  სამუშაოთა წარმოების  უფლება  მოიპოვა და  სამი მილიარდი  ამერიკული  დოლარის  მოცულობის  ინვესტიციების  ჩადებას  აპირებს. გარდა ამისა,  პეკინის  ზედამხედველობის  თანხლებით  ძალიან  გრძელი და დიდი  ტერიტორიის მომცველი  სარკინიგზო  ქსელის გაყვანა  იგეგმება.  მან  ავღანეთი  ცენტრალური აზიის  სახელმწიფოებთან უნდა  დააკავშიროს-  შეიძლება ითქვას, რომ  ეს  ახალი, თანამედროვე  "აბრეშუმის  გზა" იქნება- მხოლოდ  ამჯერად რელსებზე  შემდგარი.


უფრო გასაკვირი და  გასაოცარი კი რუსების  მიერ  ამ "დიდი თამაშის"  გაგრძელების  ფარგლებში  ჯერჯერობით  მიღწეული წარმატება არის, კრემლი ავღანეთში ხმაურიანად  დაბრუნდა: სახელმწიფო  კონცერნმა  "როსნეფტი" მეცნიერებს  კვლევები დაუკვეთა, რომელთა  ჩატარების  მიზანსაც  ჯადურდუკისა  და შიბარღანის მიდამოებში  სავარაუდოდ  არსებული  ბუნებრივი აირის  მარაგების ათვისება წარმოადგენს. რუსები ასევე სამი  ჰიდროელექტროსადგურის  აშენებასაც  გეგმავენ. რკინის მადნის  საბადო  ჰაჯიგაკი  უახლოეს ხანებში  წესით ასევე  რუსეთს უნდა გადაეცეს, რაც მას 1,8 მილიარდი ამერიკული  დოლარი  უნდა  დაუჯდეს. საბჭოთა კავშირის არსებობის  დროს  წამოწყებულ და  ნაწილობრივ გაჩერებულ  142 სხვადასხვა ზომის  პროექტს "სული უნდა  შთაბერონ" და  ხელახლა  აამუშავონ.

მაგრამ  დასავლეთის  შიშებისა და ეჭვების  მთავარი საფუძველი და  ავღანეთის უდავოდ  მთავარი და  ყველაზე  შემოსავლიანი  საექსპორტო საქონელი ისევ ოპიუმია. მსოფლიოს  ბაზრებზე  გაყიდული  ჰეროინის  დაახლოებით  ცხრა მეათედი  სწორედ  ავღანეთში  არის  დამზადებული, ხოლო  მისი  გავრცელების და  საზვარგარეთ  გატანის  ჩახშობის  ხელსაყრელი  შესაძლებლობა,შეიძლება  ერთადერთიც  კი, ისევდაისევ  რუსებს  გააჩნიათ. ავღანეთის  სახელმწიფო  საზღვარს  ტაჯიკეთთან  ისინი მყარად და  საფუძვლიანად  აკონტროლებენ და ახლა, ყირგიზეთში  მომხდარი და  სავარაუდოდ  რუსეთის მიერ  თანადაგეგმილი  გადატრიალების  შემდეგ ამ ქვეყნისკენ  მიმავალ  ნარკოტრანზიტის  გზებსაც სწორედ  კრემლი დარაჯობს.
" რუსეთი  დაბრუნდა" - ეს  მრავლისმთქმელი  განცხადება მიმდინარე  წლის მარტში  სპეციალურად  მოსკოვიდან  ქაბულში  მივლენილმა  მთავრობის  დავალებით  აღჭურვილმა  წარმომადგენელმა, ვიქტორ  ივანოვმა  გააკეთა. ივანოვი  პირველად  ავღანეთში  სახელმწიფო  უშიშროების  კომიტეტის  ოფიცრის  რანგში  ოცდასამი წლის  წინ აღმოჩნდა. ახლა ის რუსეთის  მიერ ნარკოტიკებთან  გაჩაღებული  ბრძოლის მთავარი მოქმედი  და პასუხისმგებელი  პირია და მას  აუცილებლად  მოუწევს  პრეზიდენტ  ყარზაის  გარემოცვაში  შემავალი არაერთი  თანამდებობის  პირის  ახლოს გაცნობა, რადგან ამ  უაღრესად ბინძური და სამარცხვინო  "ბიზნესიდან"  შემოსავალი  მათაც შესდით.

No comments:

Post a Comment