Monday, August 8, 2011


დიდი  თამაშის მეორე  ნაწილი

ომთან  დაკავშირებით წარმოშობილი  ილუზიები და ვის  რა  ესაჭიროება,ვინ  რატომ  იბრძვის  ავღანეთში  სინამდვილეში...

ერიხ ფოლათის სტატია



ამ  ბოლო  დღეების  განმავლობაში  ბევრი ავღანეთში  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებს  კრულვას უთვლის,ზოგი კი მათ განადიდებს,შელამაზებას  ცდილობს,ზოგიც  ჩივის,ზოგი  მიიჩნევს,რომ  მასზე  გამუდმებით  საუბარი  გადაჭარბებულია.
მათთვის, ვისაც  თავი  რეალისტად მიაჩნია, საბრძოლო  ღონისძიებანი გამართლებულია,რადგან  ისინი უკიდურესად  გადამჭრელ ზომას  წარმოადგენენ  დასავლური, თავისუფლებაზე მიბმული  ღირებულებების  თალიბანის  სასტიკი და საშინელი აგრესიისგან  დასაცავად,უდანაშაულო  მშვიდობიანი  მოსახლეობის  დაღუპვა კი  რამდენადაც  დასანანი  და სამწუხარო,იმდენად რთულად  თავასარიდებელი.  მეორეს მხრივ, მშვიდობის  მხარდამჭერები  ფიქრობენ, რომ  ეს ომი  ადამიანობის  ცნებასთან ყოვლად  შეუთავსებელია  და მათ  ღალატს ნიშნავს. იგი  მათთვის  გონებადაბინდული, მოუთვინიერებელი  მხეცია, მათ  თანაბრად  ზარავთ  როგორც  ჩასაფრებიდან  ჯარისკაცების  ხოცვა, ასევე  ჰაერიდან  ჩამოყრილი ასობით  ბომბი. ამ ჯურის  პაციფისტების  გადმოსახედიდან  ერთი  ადამიანის  დანაკარგიც  კი  ყოველგვარ  გამართლებას  არის  მოკლებული.


რაც  შეეხება  მიზეზებს და საბაბებს :  ხანდახან  უმნიშვნელოვანესი  მათ  შორის  საერთაშორისო  ტერორიზმის  მძვინვარებისგან  თავის  დაცვაა, რადგან ,როგორც  ომის  თავგამოდებული, გულმხურვალე  დამცველები  სრული  სერიოზულობით  ამტკიცებენ  ხოლმე, ჰინდუკუშთან  სისხლისღვრა  აუცილებელია,  თუკი  ჰილდესჰაიმის  და  ჰინდელანგის  უსაფრთხოების  უზრუნველყოფა  გვსურს. არადა  ისლამური  ტერორიზმის  მთავარი  ბუნაგი  და "ალ-ქაედას" ძირითადი ბანაკი საკმაოდ  დიდი ხნის წინ  მეზობელი  პაკისტანი გახდა, რომელშიც  საიმედოდ  დამალული  რადიკალი  ფუნდამენტალისტების  თქმით მათ  მიერ  განხორციელებული თავდასხმების  სამიზნე  ამერიკული  ქალაქებია, მაგალითად  ნიუ-იორკი და  "თაიმს  სქუერი"...  ამავე  დროს  თითქოსდა  იმასაც  აღარ  ექცევა  სათანადო  ყურადღება, რომ  თვითმკვლელი ტერორისტების  მომზადება ძირითადად უკვე  იემენის  მსგავს  სუსტ  და  ჩამორჩენილ  სახელმწიფოებში  ანაც ზოგჯერ თავად  ამ  დასავლური  სახელმწიფოების  საზღვრებს  შიგნით არსებული  უჯრედების ფარგლებში  ხდება. გამოტანილი დასკვნები და  მათ შესაბამისად  ჩამოყალიბებული  მოთხოვნები ერთმანეთს  სრულიად  ეწინააღმდეგება- დავრჩეთ  რაც  შეიძლება დიდხანს,  რათა  შევძლოთ როგორც  მათთვის, ასევე  საკუთარი  თავისთვის  გრძელვადიან პერსპექტივაში  დადებითი  შედეგების  მომტანი  დახმარების  გაწევა!  დატოვონ  ჩვენმა ჯარებმა  ავღანეთი, რათა  როგორც  გერმანიას, ასევე  თავად  ამ ქვეყანას  კიდევ  უფრო  დიდი უბედურება ავაცილოთ  თავიდან!


ომისა  და მშვიდობის მომხრეებს  ერთი რამ  უდავოდ  აერთიანებთ: ორივე  მხარე გეგმებს  აწყობს,  განზრახვებს  შეიმუშავებს და  ომის  ნამდვილი და  გაცილებით  უფრო ძნელად  შესაცნობი, მისი  მკვებავი  მიზეზების გაგება  არ  ძალუძთ.  ეს  ჩვენი  ეპოქის  ყველა  ომს ეხება (გარდა  მეორე მსოფლიო ომისა,რომელიც მივცემთ  თავს უფლებას  ვამტკიცოთ, რომ  მართლაც  კეთილის  და ბოროტის  დაპირისპირებას  წარმოადგენდა). ამ  ერთხელ  მაინც  ნუ  შევჩერდებით  ჭების  თხრასა  და  თავდასხმების პრევენციის  მცდელობებზე, ნატო-ს  მიერ თალიბანის  წინააღმდეგ  განხორციელებულ  სადამსჯელო ღონისძიებებსა  და 2001   წლის  სექტემბერში ამერიკის  შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერაქტების  შემდეგ  ალ-ქაედას  მიერ  ავღანეთში  წარმართულ საქმიანობაზე. გადავიტანოთ   ყურადღება არსებითზე, მთავარზე-  გეოპოლიტიკაზე  ანუ  ნავთობ-  და  გაზსადენებზე, ნარკოტიკების  გადაზიდვის ხელსაყრელ  მარშრუტებზე, სამხედრო ბაზებსა და  სასარგებლო წიაღისეულის  არსებულ მარაგზე. მოკლედ  და  გასაგებად:  იმის  შესახებ, თუ  ვის  რა სურს  და სჭირდება  ავღანეთში.

No comments:

Post a Comment